საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური ახლად გახსნილი შენობის ინფრასტრუქტურას გაეცნო, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და სარეპეტიციო სივრცეებთან ერთად 100 მაყურებელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზს, საგრიმიოროებს, ხმის ჩამწერ სტუდიას და საოფისე სივრცეებს აერთიანებს.
პრემიერ-მინისტრმა ანსამბლის დირექტორ ვანო ჩხაიძეს, სამხატვრო ხელმძღვანელ შერმანდი ჭკუასელს და ანსამბლის წევრებს ახალი შენობის გადაცემა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„წლების მანძილზე ანსამბლს არ ჰქონდა გამართული შენობა და ახლა უკვე სრულიად ახალ სივრცეში შეუძლიათ, განაგრძონ შემოქმედებითი საქმიანობა. იცით, რამხელაა ამ ანსამბლის წვლილი ჩვენი კულტურის განვითარებაში, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ახალი შენობა მისცემთ საშუალებას, ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიონ მომავალში და გააგრძელონ ის საქმე, რომელიც ათწლეულების წინ დაიწყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კულტურის განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.
"140 წლის ანსამბლს - "ერისიონს", რომელმაც ქართული კულტურისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, უკვე საკუთარი შენობა აქვს. ჩვენმა სამთავრობო გუნდმა ეს საკითხი წარმატებით გადაჭრა. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა კულტურის სფეროში უმნიშვნელოვანესია. შემოქმედ ხალხს სჭირდება სათანადო პირობები. "ერისიონი" ტრადიციულ ქართულ ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ემსახურება და ახალი შენობით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობის დადასტურებაა.
სასიხარულოა, რომ დღეს ერისიონს აქვს თავისი სახლი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ შენობაში არა მხოლოდ ანსამბლი, არამედ "ერისიონის" ბავშვთა სკოლა-სტუდიაც განთავსდა, სადაც ათასზე მეტი მოსწავლეა.
როდესაც ვამბობთ, რომ უძველესი ტრადიციებით მდიდარი ქართული კულტურა მთელმა მსოფლიომ უნდა გაიცნოს, ეს, სწორედ, "ერისიონის" მისიაა და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერისთვის", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს, რომლის მინისტრობის დროსაც ეს საქმე დაიწყო და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძეს - წამოწყებული საქმის ბოლომდე მიყვანისთვის.
ახალი შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ის ანსამბლ „ერისიონს“ უვადო სარგებლობით გადაეცა.




