ეუთო/ოდირ-მა არჩევნები კონკურენტუნარიანად და შემდგარად დაასახელა, თუმცა იმის გამო, რომ ევროკავშირს ქართველი ხალხის არჩევანი არ მოეწონა, ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვა დაიწყეს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათ განზრახვაში საქართველოს ხელისუფლებასთან საგნობრივი აზრთა გაცვლა და პოზიციების შეჯერება არ შედის.
„შემაშფოთებელია ევროკავშირის ის ქცევა, რაც საქართველოს მიმართ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაატარეს. ეუთო/ოდირ-მა არჩევნები კონკურენტუნარიანად და შემდგარად დაასახელა. თუმცა იმის გამო, რომ ევროკავშირს ქართველი ხალხის არჩევანი არ მოეწონა, ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვა დაიწყეს, მათ შორის ისეთი ქმედებების წახალისება, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მიერ სამართალდარღვევებს გამოიწვევდა და რაზედაც ყველა ქვეყანაში რეაგირებები იქნებოდა. ამას ისევ მიუღწეველი მიზნებისთვის გამოიყენებდნენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი კამპანია ეწარმოებინათ. ფაქტი, რომ დიალოგის გაგრძელების უნარიც კი არ გააჩნიათ, იმაზე მეტყველებს, რომ მათი განცხადებები მხოლოდ განცხადებებია. მათ განზრახვაში საქართველოს ხელისუფლებასთან საგნობრივი აზრთა გაცვლა და პოზიციების შეჯერება არ შედის. ევროპასთან დაკავშირებით საქართველოს დამოკიდებულება, მიზნები არ შეცვლილა და აბსოლუტურად ცალსახაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.




