ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიური პროცესი იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელებსა და სერვის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა,  სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ოჯახების გადამოწმება პრიორიტეტული საკითხია. მინისტრის განცხადებით, უწყების მთავარი მიზანია, ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც დღეისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,  ეკუთვნით  ფინანსური მხარდაჭერა და სახელმწიფოს თანადგომა, რეალურად ესაჭიროებათ. 

შეხვედრაზე, მხარეებმა, ერთიანი სამოქმედო გეგმა დასახეს და ის დეტალები განიხილეს, რაც პროცესის შეუფერხებლად და ობიექტურად წარმართვას უზრუნველყოფს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობისა და მიზნობრიობის გაზრდის მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის ეტაპობრივ გადახედვას და სარეიტინგო ქულების გადამოწმებას იწყებს.

2026 წლის მონაცემებით, ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი თუმცა, არსებული მონაცემები სრულად ვერ ასახავს მოქალაქეთა რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ვინაიდან წლების განმავლობაში არ ხდებოდა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა მდგომარეობის სისტემური და რეგულარული გადამოწმება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება ათასობით პირი, რომელთაც მაღალი შემოსავალი უფიქსირდებათ. იდენტიფიცირებულია შემთხვევები, როდესაც სოციალური დახმარება ენიჭებათ იმ პირებს, რომლებიც ფაქტობრივად აღარ საჭიროებენ სახელმწიფო მხარდაჭერას.