ზაარბრიუკენი 50-ზე მეტი წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს, - ამასთან დაკავშირებით თბილისის მერი კახა კალაძე გერმანელ ხალხს წერილით მიმართავს.
სამძიმრის წერილი გერმანელ ხალხს
საქართველოსა და გერმანიის ხალხებს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მიუხედავად, სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“ მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება.
განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ცალმხრივი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ზიანდება ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული კულტურული და პარტნიორული კავშირები.
დაუჯერებელია, რომ დღეს, როდესაც ევროპის კონტინენტზე სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ხელმძღვანელი პირებისა და პოლიტიკოსების გამო კი გერმანია პრაქტიკულად ჭაობშია ჩაფლული და უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას (ეკონომიკური კრიზისი, კრიმინალის კატასტროფულად გაზრდილი მაჩვენებელი, დემოგრაფიული პრობლემები, მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი, სოციალური დაძაბულობა და ღირებულებითი კრიზისი) გერმანელი ბიუროკრატები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაფასებლად იცლიან და „გადამჭრელ ზომებს“ იღებენ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი 50-ზე მეტი წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს...
თუკი მათ ევროპულ სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური ვითარება რეალურად აწუხებთ, ამ აბსურდული გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად ჯობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მომხდარ იმ უმძიმეს მოვლენაზე გაამახვილონ ყურადღება, რაც დანიის დედაქალაქში, კოპენჰაგენში ვიხილეთ, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს...
ყოველივე ზემოთქმული ალბათ ყველაზე უკეთ ასახავს იმ აბსურდულ, ამავდროულად კი ტრაგიკულ მდგომარეობას, რაშიც გერმანიის მოსახლეობა არსებული ბიუროკრატიის პირობებში აღმოჩნდა, ბიუროკრატიისა, რომელიც არა გერმანელების, არამედ „დიფ სთეითის“ ინტერესს ემსახურება. არადა, საუბარია რაციონალურ გერმანელ ხალხზე და ქვეყანაზე, რომელიც მაღალი პოლიტიკური კულტურით და ევროპული ღირებულებების პატივისცემით გამოირჩეოდა.
ალბათ ამიტომაცაა, რომ გერმანულ საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვები იმის შესახებ, რამდენად პასუხობს არსებული ბიუროკრატიული მმართველობა თავად გერმანელი ხალხის ინტერესებსა და საჭიროებებს.
ჩვენ გვჯერა, რომ გერმანულ საზოგადოებას აქვს საკმარისი სიბრძნე და შესწევს ძალა, რათა შეინარჩუნოს დამოუკიდებელი აზროვნება, დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები და შეძლოს იმგვარი პოლიტიკური ძალის მოყვანა ხელისუფლებაში, რომელიც გერმანიისა და გერმანელების რეალური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს და გერმანელი ხალხის ნებას დაემორჩილება. - ნათქვამია კალაძის წერილში.




