დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს, მათ შორის, ბიზნესის ნაწილში.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კომისიის სხდომაზე დაბარება სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ.
„ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას ვუთხარით, რომ აუცილებლად მოხდებოდა მთელი რიგი საქმეების გადახედვა და იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რომლებსაც ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი. ვიცით, თუ რა ხდებოდა თუნდაც 2008 წლის ომის დროს. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხები სჭირდება.
რაც შეეხება ბიზნესის მიმართ დამოკიდებულებას, კარგად გვახსოვს ყველას, თუ რა ხდებოდა - ღამის საათებში როგორ ხდებოდა დაკავებები, შემდეგ ციხეებში ნოტარიუსების შეყვანა, ბიზნესების გადაფორმება. ხაზარაძე-ჯაფარიძე მაშინ პოლიტიკაში არ ყოფილან, პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ. ამიტომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და საზოგადოებას ყველაფერზე სრული ინფორმაცია ჰქონდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.