„გარე ძალებს და გარე აქტორებს აქვთ სხვადასხვა ინტერესი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება საქართველოს ინტერესი“, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან დედაქალაქის მერმა კახა კალაძე ისაუბრა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მიერ ბრიუსელში გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
მისი თქმით, საქართველოს ბევრჯერ მოუსმენია პირდაპირი მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უკრაინას ომში უნდა შეეხიდოს.
„ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ თუნდაც პირდაპირი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ომობს და საქართველო უნდა შეეხიდოს, გაიხსნას ქვეყანაში მეორე ფრონტი. მესმის, რომ ყველას აქვს თავისი ინტერესი და ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის საკუთარი სამშობლო და საკუთარი ხალხი.
დღეს რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“, ეს ქართველი ხალხის დამსახურება და არჩევანია. ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, ძალიან დიდი ვალდებულება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პოლიტიკით, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები.
რა თქმა უნდა, გარე ძალებს და გარე აქტორებს აქვთ სხვადასხვა ინტერესი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება საქართველოს ინტერესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.




