„მე არ მყავს ჩემი კადრები და როცა ვინმეს რაიმე თანამდებობაზე ვნიშნავ, მათი საქმიანობის და პროფესიონალიზმის შეფასების მიხედვით ვმოქმედებ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, კახა გვანცელაძისთვის ბრალის წარდგენის ფაქტზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მისი მხრიდან მუდმივად ხდება თანამშრომლების გაფრთხილება, რომ მათი მხრიდან ნებისმიერ კანონსაწინააღდმეგო ქმედებას ექნება შესაბამისი რეაგირება.

„ზოგადად ბევრი კითხვა დაგროვდა და ბევრი საკითხი ამოტივტივდა. დაველოდოთ გამოძიება როგორ წარიმართება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა.  

კი, სააგენტო ჩვენს დაქვემდებარებაშია, კახა გვანცელაძე ამ თანამდებობაზე ჩემი დანიშნულია და ასე ძალიან ბევრი თანამშრომელია ჩემი დანიშნული. მე გახლავართ დედაქალაქის მერი, 30 000-მდე თანამშრომელი გვყავს უწყებაში. როგორ ფიქრობთ, ყველას გადაცდომაზე მე ვარ პასუხისმგებელი? მე რომ საქმის კურსში ვყოფილიყავი, ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვებოდა. გარდა ამისა, მე არაერთხელ გამიფრთხილებია თანამშრომლები, მათ შორის მთავრობის სხდომებზე მაქვს გაკეთებული განცხადებები, რომ არცერთი გადაცდომა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე. რას ნიშნავს კახა გვანცელაძე ჩემი კადრი იყო? მე არ მყავს ჩემი კადრები და როცა ვინმეს რაიმე თანამდებობაზე ვნიშნავ, მათი საქმიანობის და პროფესიონალიზმის შეფასების მიხედვით ვმოქმედებ. სხვათაშორის, 2017 წელს დედაქალაქის მერიაში რომ მოვედი, კახა გვანცელაძე უკვე მუშაობდა ჩვენს უწყებაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე, თბილისის მერიის აუდიტის სამსახურს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ბაღების სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტენდერებზე და შესაძლო დარღვევებზე, დედაქალაქის მერის თქმით: „არც მერს, არც მერის მოადგილეს არ აქვს უფლებამოსილება, რომ თავის უწყებაში საგამოძიებო სამუშაოები აწარმოოს. ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები. რა თქმა უნდა, გვყავს აუდიტის სამსახური. მათ რომ დანაშაული გამოევლინათ, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მიეცემოდა. ჩვენ ვიცით, რომ ტენდერები სწორად ტარდებოდა და არც კითხვის ნიშნები ყოფილა.  თუ ამის უკან რაიმე იმალება, ამას უკვე შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაადგენს. იქამდე კი, ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას, წინასწარ განცხადებას ნუ გავაკეთებთ და დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხსაც ის აგებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.