„რა გამოდის, რომ როცა ჩვენ ომი გვქონდა, მაშინ კარგები იყვნენ რუსები და მერე გახდნენ ცუდები, როცა უკრაინაში შეიჭრნენ? ეს არის ფარისევლობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული წერილის შეფასებისას ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული წერილიდან კარგად ჩანს ის ფაქტი, რომ ქვეყნის შიგნით უსამშობლო ადამიანები არსებობენ.
„პრემიერმა შეაფასა სამწუხარო რეალობა, რაც დღეს არსებობს. ამ წერილიდან ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი, რომ ქვეყნის შიგნით გვყავს უსამშობლო ადამიანები. 2008 წელს, როდესაც ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ამ ყველაფრის შემდეგ მაშინდელ ხელისუფლებას სხვა პოლიტიკა ჰქონდა. იყო რუსებისადმი მოწოდებები, რომ ჩამოსულიყვნენ საქართველოში. გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი ლარსის საზღვარზე ხვდებოდა რუს ტურისტებს, ია-ვარდებითა და ყაყაჩოებით ხელში. ქართული კომპანიები გაასხვისეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე. სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ახორციელებდა მოღალატეობრივ პოლიტიკას და ქვეყანამ ამის შედეგები იწვნია. ვისი დავალებით და მითითებით ხდებოდა ეს ყველაფერი, გაირკვევა.
სამწუხარო რეალობაა ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, თავიანთი ქმედებებით რუსებს ყველანაირად მიესალმებოდნენ, ხელს უწყობდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხედავთ რა განცხადებები კეთდება. რა გამოდის, რომ როცა ჩვენ ომი გვქონდა, მაშინ კარგები იყვნენ რუსები და მერე გახდნენ ცუდები? ეს არის ფარისევლობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან აგენტები, რომლებიც ემსახურებიან „დიფ სთეითს“ და კითხვის დასმის უფლებაც არ აქვთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ტერმინ „რუსოფობიას“ მხოლოდ რუსები იყენებენ, კახა კალაძე პასუხობს: „ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარ თავზე არ მიიღონ და საზოგადოებას სხვანაირად წარმოუჩინონ სიტუაცია. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს - წარსულში მიღებული მათი გადაწყვეტილებები, რუსეთის მოქალაქეებთან მათი დამოკიდებულება. მაგალითად, ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მებრძოლია რუსეთის წინააღმდეგ, თანხები რუსეთის ფედერაციისგან ერიცხება.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, 2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელისუფლება ატარებს მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.
„ჩვენ შევცვალეთ ის, რომ ჩვენი პოლიტიკით, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით, ტარდება მხოლოდ სახელმწიფოს და ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები. დღეს რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს გრძელვადიანი მშვიდობა, რასაც მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეს „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. არ გეგონოთ, რომ ეს პროცესი მარტივია - ნახეთ როგორ ებრძვიან ქართველ ხალხს, სახელმწიფოს, რა განცხადებები კეთდება მეორე ფრონტის გახსნაზე, რეზოლუციებს იღებენ, რომ სანქციებს მივუერთდეთ და ა.შ. მაგრამ ეს არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ, რადგან დღეს გვყავს პატრიოტი ხელისუფლება, ვისაც თავისი ქვეყანა და ხალხი უყვარს. მე ვამაყობ, რომ ვარ ქართველი, აქ დავიბადე, გავიზარდე, ვისწავლე, ეს ჩემთვის საამაყოა. საამაყოა ჩვენი ქვეყნის წარსული, კულტურა. აგენტურის წარმომადგენლები კი თავიანთი განცხადებებით, ე.წ. ენჯეოშნიკებით, კონკრეტული ქმედებებით, ამ ყველაფერს ებრძვიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.