„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, სადაც მან უპასუხა შეკითხვას ამერიკული გამოცემის Washington Examiner სტატიის შესახებ, რომ თითქოს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტპატიმრებით ვაჭრობს.

თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები კი არა, დამნაშავეები გვყავს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდნენ.

„რა შუაშია ვაჭრობა? ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს. ჩვენ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებსაც ჩადენილი დანაშაულის გამო აქვთ სასჯელი მიღებული. 4 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რომ რევოლუციას აწყობდნენ. მანამდე სახელმწიფო გადატრიალების მთელი კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული. 4 ოქტომბერს კი ცდილობდნენ, ეს ყველაფერი სისრულეში მოეყვანათ. თუმცა, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვა და პრევენციული ღონისძიებები გატარდა. ისინი არიან დამნაშავეები, რომლებიც პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, ცოცხლად დაწვას უპირებდნენ და ა.შ.

რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენი პოზიცია ბევრჯერ გვაქვს დაფიქსირებული. დასამალი არაფერი გვაქვს. აბსოლტურად ღია ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ  ჰქონდა აშშ-ის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ეს კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შესწევს ძალა, ის არასამართლიანი ურთიერთობა მარტივად გამოასწოროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.