თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სკვერებისა და პარკების შემოწმებასა და მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ, თუმცა ბუნებრივი პროცესებისგან დაზღვეული არავინაა.
დედაქალაქის მერი ვაკის პარკში ხის წაქცევის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ადგილზე არავინ ყოფილა. რა თქმა უნდა, მერია შემოწმებას ახორციელებს, თუმცა სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა - ხან ხე წაიქცევა, ხან რაღაც დაზიანდება. გვაქვს ამის კადრები და მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ნუ გაავრცელებთ სიცრუეს და ტყუილს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები ცუდია, მაგრამ ბუნებრივი პროცესები ხდება, რომლის პრევენციაც არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.