„ისნის რაიონში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვის პროცესი აქტიურ ფაზაშია“, - აღნიშნულის შესახებ თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა.
„პროექტი ოთხი თვეა აქტიურად მიმდინარეობს. ჩემი სამაჟორიტარო ოლქის 50%-ს სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დამცავი არეალი წარმოადგენს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ინტენსიური მოლაპარაკებები გვაქვს. ამ ეტაპზე ათ მისამართზე მიმდინარეობს ავარიული მრავალბინიანი შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება-გამოსყიდვის პროცესი, მათ შორის ორი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობაა. ვინაიდან ეს პროექტი პირველად ხორციელდება, გამოიკვეთა ისეთი სპეციფიკური საკითხების მოგვარების აუცილებლობა, როგორებიცაა მისამართზე თანამესაკუთრის არსებობა, ასევე დაურეგისტრირებელი ფართები. ამ და სხვა მრავალი სპეციფიკური დეტალის დაზუსტება დროს მოითხოვს, თუმცა ყოველი საკითხი ინდივიდუალურად თანხმდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თითოეულ წევრთან, ასევე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ უწყებებთან. მოსახლეობა დადებითად აფასებს მუნიციპალიტეტის შეთავაზებას და თანამშრომლობაზე სრულ მზაობას გამოთქვამს“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული სახლების ჩანაცვლებისა და გამოსყიდვის პროგრამა ისნის რაიონში აქტიურად გრძელდება. პროექტის მიზანი კი ისტორიულ ზონაში მცხოვრები ოჯახების უსაფრთხოების გარანტირება და მათი ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაა.
„მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ინტენსიურ შეხვედრებს ვმართავთ. თბილისის მერის, კახა კალაძის, ინიციატივით დაწყებული პროექტის ფარგლებში, ოფიციალურად შემუშავებული თანხმობის ფორმებზე ხელმოწერები აქტიურად მიმდინარეობს. ეს პროცესი მრავალმხრივ სამუშაოებს მოიცავს და მოსახლეობასთან მუდმივი დიალოგი მიმდინარეობს, რათა ყველა სამართლებრივი და ტექნიკური დეტალი ბოლომდე დაზუსტდეს. ეს კი ხელს შეუწყობს პროცესის სწრაფად და ეფექტურად წარმართვას“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.




