ხაშურში, რუსთაველის ქუჩის სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია იგეგმება, - აღნიშნულ საკითხზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპეციალისტების ჯგუფთან ერთად იმსჯელეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დაიგება ასფალტი და გაკეთდება საგზაო მონიშვნები, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, მოპირკეთდება ტროტუარები, ქვეითთა გადასასვლელებზე მოეწყობა ქვაფენილი, იგეგმება გამწვანებაც.
მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, რუსთაველის ქუჩა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი გახდება და მოეწყობა სპეციალური ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, დაემატება გაჩერებები. გაუმჯობესდება პარკირების რეგულირებაც.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, წყალგაყვანილობისა და წყალარინების პროექტის დასრულების შემდეგ დაიწყება.
შეხვედრას ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, მერის მოადგილეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის პოლიციის სამმართველოსა და ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.