აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში გამართულ სახალხო დღესასწაულს - „მაჭახლობა 2026“ დაესწრო.
დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ მხეიძემ მიულოცეს.
ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ტრადიციების დაცვასა და პოპულარიზაციას, ხეობის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებას.
ღონისძიების ფარგლებში საპატიო სტუმრების დაჯილდოება გაიმართა. „საპატიო მაჭახლელი 2026“-ის წოდება ზურაბ პატარაძემ მაჭახელას ხეობის მკვიდრს, ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის პედაგოგ ლეილა კახიძეს გადასცა.
დღესასწაულის ფარგლებში ქართული ჭიდაობისა და ნარდის შეჯიბრებები გაიმართა. მოეწყო ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-ბაზრობა, კულტურული პროგრამის ფარგლებში კი მაყურებლის წინაშე ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად ცნობილი ქართველი მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები წარდგნენ.
„მაჭახლობას“ აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.