კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ქვეითი, ლოჯისტიკისა და სამხედრო სამედიცინო მიმართულების უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე გამოშვების ცერემონია გაიმართა. კურსდამთავრებულებს სწავლების დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ მიულოცეს.
უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსები 25 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მსმენელებმა პრაქტიკული მეცადინეობები თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, მეხუთე საარტილერიო, ასევე პირველ და მეოთხე ქვეით ბრიგადებში გაიარეს.
სწავლისას, კურსანტებმა საშტაბო და სამეთაურო კოლეჯის, ასევე მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის მსმენელებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებულ სწავლებებში, რაც ხელს უწყობს დაგეგმვის პროცესის დახვეწასა და სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობას.
კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.




