თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი საპარკინგე სივრცეების მშენებლობაზე არ მუშაობს. როგორც ლევან არველაძემ განაცხადა, ეს არასწორი შეფასებაა და უკვე რამდენიმე წელია თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად ცდილობს ითანამშრომლოს ბიზნესთან ამ საკითხზე.
"რამდენიმე წლის წინ ჩვენ ბიზნესს შევთავაზეთ ხუთი ლოკაცია კონკრეტულად ამ მიზნისთვის, რომ იქ განხორციელებულიყო საპარკინგე სივრცეების შექმნა. პირველი წინადადება იყო, რომ გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ გადავცემდით მუნიციპალურ ქონებას. სამწუხაროდ, ბიზნესმა ამაში მონაწილეობა არ მიიღო. შემდეგ შევთავაზეთ, რომ უსასყიდლოდ გადავცემდით ამ კონკრეტულ ტერიტორიებს. ის ლოკაციები, რომლებიც გამოვიტანეთ აუქციონზე, შერჩეული იყო სატრანსპორტო კვლევაზე დაყრდნობით, სადაც იყო მითითებული, რომ იქ საჭირო იყო საპარკინგე სივრცეების მოწყობა. ჩვენ მზად ვართ, რომ კონკრეტულად ის არეალები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ იყო აუქციონზე გამოტანილი, თქვენთან ერთად ხელახლა განვიხილოთ და შემდეგ უკვე გადავიდეთ კონკრეტულ ნაბიჯებზე. ამიტომ არასწორია იმის განცხადება, რომ ჩვენ ამაზე არ გვიმუშავია“, - განაცხადა ლევან არველაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ დედაქალაქში, კონკრეტულად ცენტრალურ არეალებში, თითქმის არ არსებობს მუნიციპალური ქონება.
„ცენტრალურ არეალებში, სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ, თითქმის არ არსებობს მუნიციპალური ქონება. თუ მუნიციპალიტეტი ფლობს მიწის ნაკვეთს, იქ არის ან პარკი, ან პარკთან მისასვლელი გზა. შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან ამ საკითხის დაყენება არასწორია“, - დასძინა ლევან არველაძემ.




