სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ "ჩემი სასამართლო სხდომა არ ტარდება, მოვდივარ იმიტომ, რომ მენატრება ჩემი ახლობლები".

"ტელევიზიებსაც მინდა, ვუთხრა. იცით, როგორ მეცოდებით? თემების მოგონება გიწევთ, ხალხო, გარეთ არაფერი ხდება და იგონებთ. გეფიცები, მეცოდებით, რომგ იყურებთ, საწყლად წვალობთ. თუ არ მოიფიქრებს ტელევიზიის პროდიუსერი რამეს დღის განმავლობაში, არაფერი იქნება, ეს რეალობაა. ეთერებში რომ დადიხართ, სალაპარაკო აღარ გაქვთ, ვერ ხვდებით? ყველა წერტილ-მძიმით გეტყვით, რის მერე რას იტყვით. ყველა პოლიტიკოსს მივმართავ, ჩემიანსაც, სხვისიანსაც. ჭკუას კი არ გარიგებთ, გულშემატკივრის პოზიციიდან ვამბობ. კიდევ გეუბნებით, ინგლისურის არმცოდნე, „ლილოში“ მოსიარულე ხეპრე ხაბეიშვილის პოზიცია გაიგეთ კაცო, ზემოდან კი არა. არ მინდა, თქვენ იყავით ხალხო წინ, თქვენ იყავით მაგრები, ოღონდ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. გაიგეთ გულშემატკივრის ხმა. ამას, ალბათ, ფიქრობს ხალხის 90%. ვიღაც რომ არ გეუბნებათ, იმას კი არ ნიშნავს, რომ ხალხი ასე არ ფიქრობს, ასე ფიქრობს ყველა. ამიტომ, გთხოვთ, ყველაზე ზედმეტი, არაფრისმომცემი ეთერი არის დამთრგუნველი ადამიანისთვის, რომელიც იმედს ელოდება.

მე თქვენკენ ვარ. თქვენკენ რომ ვარ, იმიტომ ვზივარ აქ და ნახევარი წელია, სასამართლო სხდომას ვერ მივაღწიე, ვინმეს რამეს კი არ ვუწუნებ. ან თქვით, რომ რაღაცას იზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ. კი არ „ტეხავს“. ხალხი არის მზად იმისთვის, რომ ჯურღმულში ცხოვრება არ უნდოდეს. ალტერნატივას როგორ ვერ ხედავს, ეს მეორედ არ გაიმეოროთ, სისულელეა, თავს რაებს აჯერებთ. ამ ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი აქეთა ფლანგზე დგახართ და ლაპარაკობთ, რომ ხალხს ვერ ვაჩვენე ალტერნატივაო? როგორ ვერ აჩვენეთ, ყველაზე მაგრები ხართ, სიმპათიურებიც, გონებაგახსნილები და საერთაშორისო, შიდა ურთიერთობებში ყველაფერი შეგიძლიათ.

დღესაც, პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა, არ არის ჩემი პროცესი. არც წინა და არც იმის წინა არ იყო ჩემი სასამართლო პროცესი. ფაქტობრივად, 30 დეკემბერს სხდომა ჩატარდა და არ ჩატარდა, ანუ ჩემი სასამართლო სხდომა არ ყოფილა. ჩემს საქმესთან დაკავშირებით მურთაზს რაღაც სიგიჟეს ედავებიან. ეს ხდება მიზანმიმართულად. დარწმუნებული ვარ, მოსამართლესაც ესმის, რომ ჩემი სასამართლო პროცესი არის მაქსიმუმ 3-4 საათიანი, სადაც დაიკითხება ის დანიშნული, მოწვეული მოწმეები, რომლებიც ჰყავს პროკურატურას.

სუსმა რომელსაც მისწერა, რომ გამოგვიყავით ახლა ლევან ხაბეიშვილისგან შეურაცხყოფილი მოწმეები. იმ ხალხს მისწერეს, მე რომ თავ-პირი დამალეწეს და ამ ადამიანებიდან დანიშნეს, მოიწვიეს სამი ადამიანი. ჩემი სასამართლო სხდომა არ ტარდება, მოვდივარ იმიტომ, რომ მენატრება ჩემი ახლობლები. მოვდივარ, მივდივარ. ეს სამი კაცი რომ მოიყვანონ, მოსამართლე რომ 10:00 საათზე დაიწყებს სხდომას, დაამთავრებს 15:00 საათზე. მართლა მაინტერესებს, მოვიდნენ ესენი და ჩამხედონ თვალებში, სასამართლოს ჩახედონ თვალებში. „თავი იგრძნეს შეურაცხყოფილადო“ – შეურაცხყოფილად კი არა, სახის ძვლები დამიმტვრიეს და თავის ქალა ამხადეს და თურმე შეურაცხყოფილები ესენი არიან. ხალხო, რა არის გაუგებარი? ვითხოვ ჩემს სასამართლო პროცესს.

გუშინ ვუყურებდი, რომ აქტივისტების ანგარიშებს ყადაღა დაადეს. ციხეში დამაყადაღეს, ადმინისტრაციული წესით ციხეში გამომიგზავნეს 9 000 ლარი ჯარიმა, თურმე წულუკიანს არ მოეწონა რაღაც. ჯერ ხომ საერთოდ დამატყვევეს, სასამართლო პროცესის საშუალება არაა, მოწმე არ მოგყავთ, ნახევარი წელი ციხეში, ტელეფონი არა, შვილები არა, მიმოწერა არა, არაფერი არა და 9 000 ლარზე ყადაღა გამომიგზავნეს ციხეში. ე.ი უნდა ამოწყდეს ჩემი ჯიშ-ჯილაგი. ვიღაცებს კიდევ 18 000 ლარი აქვთ ხელფასი და ბოდიში, რა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

შეგახსენებთ, 2025 ელის 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე პატიმრობაში დატოვა. 

ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა  

2025 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შამათავამ ლევან ხაბეიშვილისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და უცვლელად დატოვა 2025 წლის 13 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის მიღებული გადაწყვეტილება. 

სასამართლომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა. 

"იგი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 სექტემბერს და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს“, – განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.