„ტელევიზიებსაც მინდა, ვუთხრა. იცით, როგორ მეცოდებით? თემების მოგონება გიწევთ, ხალხო, გარეთ არაფერი ხდება და იგონებთ. გეფიცები, მეცოდებით, რომ გიყურებთ, საწყლად წვალობთ. თუ არ მოიფიქრებს ტელევიზიის პროდიუსერი რამეს დღის განმავლობაში, არაფერი იქნება, ეს რეალობაა. ეთერებში რომ დადიხართ, სალაპარაკო აღარ გაქვთ, ვერ ხვდებით? ყველა წერტილ-მძიმით გეტყვით, რის მერე რას იტყვით. ყველა პოლიტიკოსს მივმართავ, ჩემიანსაც, სხვისიანსაც. ჭკუას კი არ გარიგებთ, გულშემატკივრის პოზიციიდან ვამბობ. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
" კიდევ გეუბნებით, ინგლისურის არმცოდნე, „ლილოში“ მოსიარულე ხეპრე ხაბეიშვილის პოზიცია გაიგეთ კაცო, ზემოდან კი არა. არ მინდა, თქვენ იყავით ხალხო წინ, თქვენ იყავით მაგრები, ოღონდ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. გაიგეთ გულშემატკივრის ხმა. ამას, ალბათ, ფიქრობს ხალხის 90%. ვიღაც რომ არ გეუბნებათ, იმას კი არ ნიშნავს, რომ ხალხი ასე არ ფიქრობს, ასე ფიქრობს ყველა. ამიტომ, გთხოვთ, ყველაზე ზედმეტი, არაფრისმომცემი ეთერი არის დამთრგუნველი ადამიანისთვის, რომელიც იმედს ელოდება.
მე თქვენკენ ვარ. თქვენკენ რომ ვარ, იმიტომ ვზივარ აქ და ნახევარი წელია, სასამართლო სხდომას ვერ მივაღწიე, ვინმეს რამეს კი არ ვუწუნებ. ან თქვით, რომ რაღაცას იზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ. კი არ „ტეხავს“. ხალხი არის მზად იმისთვის, რომ ჯურღმულში ცხოვრება არ უნდოდეს. ალტერნატივას როგორ ვერ ხედავს, ეს მეორედ არ გაიმეოროთ, სისულელეა, თავს რაებს აჯერებთ. ამ ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი აქეთა ფლანგზე დგახართ და ლაპარაკობთ, რომ ხალხს ვერ ვაჩვენე ალტერნატივაო? როგორ ვერ აჩვენეთ, ყველაზე მაგრები ხართ, სიმპათიურებიც, გონებაგახსნილები და საერთაშორისო, შიდა ურთიერთობებში ყველაფერი შეგიძლიათ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, 2025 ელის 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე პატიმრობაში დატოვა.
ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა
2025 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შამათავამ ლევან ხაბეიშვილისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და უცვლელად დატოვა 2025 წლის 13 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლომ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა.
"იგი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 სექტემბერს და წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. ბრალდებული 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და სოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს“, – განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.




