ეს, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს იქიდან, რომ არავის სასპეკულაციო ველი არ დავუტოვოთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი რეიტინგი აქვთ, აქედან გამომდინარე დააკავა ისინი, რაზეც საუბრობენ დასავლეთში, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, მათ კანონი დაარღვიეს,  - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასა და მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მაჭავარიანის თქმით, ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა და თუ ისინი პრეზიდენტის წინადადებას არ დათანხმდებიან, ამის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ოპოზიციონერების შიში იქნება. მისი განმარტებით, ოპოზიცია თუ უარს იტყვის შეწყალების შეთავაზებაზე, ისინი შეეცდებიან, არჩევნებზე მიღებული დაბალი შედეგი არასრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარებით გაამართლონ.

„მისასალმებელია ბატონი ყაველაშვილის ეს ინიციატივა შეწყალებასთან დაკავშირებით.
​ბურთი ახლა არის ოპოზიციის მოედანზე. თუ ისინი შეთავაზებას დათანხმდებიან, ექნებათ საშუალება, რომ სრულფასოვნად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში, ხოლო, თუ ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან, ამ შემთხვევაში, ერთადერთი ლოგიკური ახსნა ექნება ამ ყველაფერს, რომ ისინი თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იქიდან გამომდინარე, რომ ეშინიათ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იციან წინასწარ რა შედეგსაც მიიღებენ და ამ შედეგის "გაპრავება" სურთ იმით, რომ ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიყავით და სრულფასოვნად საარჩევნო კამპანია ვერ ჩავატარეთ. კეთილი ინებონ, დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას, ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და აჩვენონ ჩვენს მოსახლეობას, რა რეიტინგით სარგებლობენ ისინი დღეს საქართველოში.“ - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: 

"ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე."

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს - ოქტომბრის პირველ შაბათს. - ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს