„პირველ რიგში, კონკრეტულ ფორმულირებას უნდა დაველოდოთ, საპარლამენტო განხილვისას რაზე შევჯერდებით, რაზე შევთანხმდებით. სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

 "ყველაფერი პრობლემის აღიარებით იწყება. ზოგიერთი კრიტიკოსი თუ თვლის, რომ ეს პრობლემა არ არის და ყველაფერი ჰაერიდან არის მოტანილი, ეს გასაგებია, მაგრამ მათ ვერანაირი არგუმენტით ვერ შევასმენთ, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა. ეს პრობლემა დგას და არამხოლოდ საქართველოში, რომელსაც 90-იანების მძიმე გამოცდილება გვაქვს კონსტიტუციური წყობილების არაღიარების ნაწილში.

ზოგიერთისთვის ეს ყველაფერი, შეიძლება, არის ლამაზი სიტყვები, თამაშობანა, მაგრამ ეს მძიმე პროცესია სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ. დღეს ვიღაც არ აღიარებს, მაგრამ ხვალ პრეზიდენტის სასახლეში შევარდება. დღეს ვიღაც ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებს, ხვალ არჩევნების ჩაშლას შეეცდება და ხელისუფლებას კეფაში ტყვიის სროლით ემუქრება. უნდა შევხედოთ, რა სიმძიმის პრობლემაზეა საუბარი. ეს მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. გადავწყვიტეთ, რომ დღეს იმის დრო დადგა, ამ პრობლემას ამ სახით შევხედოთ და დავარეგულიროთ. ვიდრე ხელისუფლების დამხობაზე იქნება საუბარი, თითოეულ ამ სიმპტომს უნდა ვებრძოლოთ, ამ შემთხვევაში – სამართლებრივი გზით“, – განაცხადა მახაშვილმა.