პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯას მთის მასივზე იწყება მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც შეეხება ათასობით ოჯახს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია უკვე მოსახლეობა ითხოვს აღნიშნული მიწების დაკანონებას.

„ეს არის ის მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც აწუხებდა ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობას. მნიშვნელოვანია, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფი იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც აერთიანებს უწყებებს, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. 

ეს იყო ტექნიკურად და სამართლებრივად რთულად შესასრულებელი სამუშაოები, საკმაოდ დიდი მოცულობის დოკუმენტები, რომლებიც დამუშავდა შესაბამისი უწყებების მიერ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ნებისმიერი უწყება, რომელმაც თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და, ზოგადად, მიწების განაწილებასთან დაკავშირებით.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია უკვე, მოსახლეობა ითხოვს აღნიშნული მიწების დაკანონებას, მათ საკუთრებაში გადაცემას, ხოლო ამ რთული, კომპლექსური სამართლებრივი პროცესის შედეგად ეს შესაძლებელი ხდება,“- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.