„ეს კვლევები არცერთი არ არის საქართველოში ჩატარებული, ეს არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები, მათ შორის ნაწილი ჩატარებულია თვითონ ევროკავშირის მიერ, ევროკავშირს ეს ოფიციალურად თავის საიტებზეც კი აქვს გამოქვეყნებული. ორმაგი სტანდარტი არის, რომ გამოაქვეყნებენ დადებით შედეგებს და შემდეგ დასკვნაში წერენ აბსოლუტურად საპირისპირო რამეს. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
"უსამართლო დამოკიდებულებაა საქართველოსთან დაკავშირებით. შენ თვითონვე ატარებ კვლევას, შენ თვითონვე დადებითად აფასებ და შემდეგ დასკვნაში წერ, რომ ჩამორჩენილი ხარ, რომელიღაც სხვა ქვეყანა გისწრებს. ეს იმდენად არალოგიკური და არასამართლიანია, რომ არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკოსების, დარწმუნებული ვარ, ხალხის გულისწყრომასაც იწვევს. მათივე კვლევებით მოლდოვას ყველა პარამეტრით ვუსწრებთ, დემოკრატიის ელემენტებითაც, კარგი მთავრობის ელემენტებითაც, ღიაობითაც, გამჭვირვალობითაც, ეკონომიკური ზრდითაც, არ არსებობს პარამეტრი, რომლითაც არ ვუსწრებდეთ მოლდოვას. შემდეგ გამოდის ევრობიუროკრატი და ამბობს, თქვენ მოლდოვას ჩამორჩებითო. ეს იმდენად უსამართლო და არაადეკვატური დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ, რომ ძალიან გულდასაწყვეტია. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, არც შეღავათებს ვითხოვთ, უბრალოდ ვითხოვთ სამართლიან დამოკიდებულებას“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.