ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა რომც ყოფილიყო, ამაში სენსაციური რა არის? თუმცა ასეთი შეხვედრა არ შემდგარა, შედგა სატელეფონო საუბარი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„სხვადასხვა მინისტრთან არაერთხელ შემდგარა სატელეფონო საუბარი, ბუნებრივია, უნდა მქონდეს და მაქვს კიდეც. როდესაც ინფორმაციის გასაჯაროება არ ხდება, ესეც მხარეებს შორის გამართული საუბრის შინაარსიდან გამომდინარეობს. თუ  გაინტერესებთ, რაზე იყო განსაკუთრებული აქცენტი ამ საუბარში, შემიძლია, გითხრათ: საუბარი, ერთი მხრივ, ეხებოდა იმას, რომ ბრიტანეთმა 17 წლის თავზე ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციას დაარქვა ოკუპაცია და, ასევე, საუბარი შეეხო სანქციების საკითხს, მათ შორის იმ საკითხს, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს და აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს სანქციების თავის ასარიდებლად გამოყენებული. არ მგონია, ამ ორ თემაში რაიმე სენსაციური, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყოს. მისი გასაჯაროება-არგასაჯაროება არაფერს ცვლის ქართული საზოგადოებისთვის; მეორე, რას ემსახურება ტყუილები შეხვედრასთან დაკავშირებით, მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც ავრცელებს მსგავს ინფორმაციას გადაუმოწმებლად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.