„სახელმწიფო მდივნის მხრიდან ცალსახად ითქვა, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც არსებობს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში არის რთული და მას სჭირდება გადახედვა. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს მოხდება უფრო მალე, ვიდრე გვიან.“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჯეი დი ვენსთან და მარკო რუბიოსთან მილანში გამართულ კომუნიკაციაზე საუბრისას.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, კრიტიკა ეკუთვნით მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო იმ პროცესში, რომელმაც წინა ადმინისტრაციის პერიოდში საქართველო-ამერიკის ურთიერთობები დააზიანა. ამ ყველაფერში ჩართული იყვნენ და სამწუხაროდ დღესაც არიან საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ის ადამიანები, რომლებიც დღესაც კვებავენ ჯო უილსონს და კიდევ სხვადასხვა ორგანიზაციებს არასწორი ინფორმაციებით და ნარატივებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის აზერბაიჯანსა და სომხეთში გამართული ვიზიტის შესახებ. „ძალიან მარტივი საფუძველი ჰქონდა ამას. თქვენ იცით, თუ რა დონეზე დგას სამშვიდობო შეთანხმება აშშ-ს პრეზიდენტის დღის წესრიგში, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ამ მიმართულებით ქვეყნებთან ურთიერთობას და აზერბაიჯანი და სომხეთი გახლავთ ის შედეგი, რომელიც ერთგვარად არის თეთრ სახლში 8 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების, ასე ვთქვათ, გაგრძელება და სწორედ ამის დემონსტრირება იყო ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში, რომლებმაც მრავალწლიანი, ასე ვთქვათ, კონფლიქტი დაასრულეს და მრავალწლიანი კონფლიქტის შედეგი არის დღეს უკვე მშვიდობა რეგიონში.“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის ცვლილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ადმინისტრაციის განსხვავებულ პოზიციაზე მეტყველებს თუნდაც, ის ერთწლიანი დუმილი, რომელიც იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.

„ეს დუმილიც იყო გარკვეულ წილად პოზიციის ცვლილება. თქვენ გახსოვთ, ალბათ, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი შევიდოდა თეთრ სახლში, დღე არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ყოფილიყო აშშ-ს წინა ადმინისტრაციის დღის წესრიგში რაიმე ფორმით. ამდენი მოსმენა ალბათ არსად არაფერზე არ გამართულა, რამდენიც გაიმართა საქართველოსთან დაკავშირებით.

თუმცა ფაქტია, რომ ის ე.წ. მეგობარი აქტი არ იქნა მიღებული, რაც დარწმუნებული ვარ, არ იქნებოდა ასე, რომ არ ყოფილიყო სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც ჩამოყალიბებული პოზიცია ამ პოლიტიკის მიუღებლობასთან დაკავშირებით. თუ როგორი იქნება ახალი ჩარჩო, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მუშაობა. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა და ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, იმისათვის, რომ როდესაც აშშ ჩათვლის საჭიროდ საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ჩარჩოს შექმნას, ჩვენ ამაზე ვიმუშაოთ.“- განაცხადა მინისტრმა.