საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გერმანიაში საქართველოს ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების ახალ შესაძლებლობას იძლევა.

„პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა, გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს და სრულუფლებიანად შეუდგეს თავის საქმიანობას გერმანიაში,“ -  განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესი საქართველო-გერმანიის ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.

„იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთობების პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა. გერმანია არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობების ნორმალიზება, რაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში უფრო მეტად უარყოფითი დინამიკით იყო დატვირთული სხვადასხვა მიზეზის გამო. იმედი მაქვს, რომ ელჩის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემა და გერმანიის ახალი ელჩის ჩამობრძანება საქართველოში იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ნორმალურ ჩარჩოებში მოექცეს და უფრო მეტად განვითარდეს ისე, როგორც ეს სჭირდება როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე გერმანიას,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.