"მარტივად არის საქმე, ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე თავად უნდა ვიზრუნოთ. როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედებენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სრულ წინააღმდეგობაში მოდიან სახელმწიფოს ინტერესებთან, ჩვენი სახელმწიფოს მთავარ კანონთან, ამაზე უნდა გვქონდეს შესაბამისი რეაგირება. ეს ჩვენი ერთგვარი ვალდებულებაც კი არის." - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ეს არის სამართლებრივი პროცესი, ეს პროცესი გრძელდება და უნდა იყოს დასრულებული, თუმცა მანამდე, ერთგვარად, ვალდებულებაც კი არის ჩვენი, როგორც პოლიტიკური პარტიის და ჩვენი საზოგადოების, რომ რეაგირება გვქონდეს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ლაშქრობაზე, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული პარტიები.
ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე როცა არის საუბარი, განსაკუთრებულად ვხედავთ ხოლმე, კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, გავაგრძელებთ სახელმწიფოს ინტერესების დაცვას. როგორც წინა შემთხვევებში, კრიტიკა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით არის, ძირითადად საფუძველს მოკლებულია, აქაც შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ იმავენაირ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე, როდესაც სხვისთვის, შეიძლება, მისასალმებელი იყოს, როცა პოლიტიკურ პარტიებს აუქმებენ და საქართველოს შემთხვევაში ეს იყოს შემაშფოთებელი. სწორედ იმ პოლიტიკურ პარტიებზეა საუბარი, რომლებიც მუდმივად ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ.
დემოკრატიული პარტიები არ არიან დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ, ეს უბრალოდ ალოგიკურია, ესენი არიან პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე. ესენი არიან პარტიები, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან დემოკრატიულ პროცესებს, ხალხის არჩევანს, საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგაც კი გადადგეს ნაბიჯები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.




