საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების საკითხზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, წინააღმდეგობრივია დიალოგის აღდგენაზე საუბარი და პარალელურად საქართველოს მიმართ ზეწოლის მექანიზმების გამოყენება.
„ერთის მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება აღდგეს დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის და, მეორეს მხრივ, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შანტაჟის მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დიალოგის აღდგენაზე, რა თქმა უნდა, იმაზე აღარ უნდა ვსაუბრობდეთ, როგორ უნდა დააშანტაჟო საქართველო და საქართველოს ხელისუფლება“.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, უნგრეთში პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ზეწოლის მცდელობები მართლაც შეინიშნება, თუმცა მათი რეალიზების შესაძლებლობა შეზღუდულია. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ მსგავსი მცდელობა ორბანის პრემიერობის პირობებშიც იყო, თუმცა ევროკავშირში კონსენსუსის მიღწევა რთულია:
„თქვენ გახსოვთ ალბათ ყულევის თემა სულ ცოტა ხნის წინ. ჩვენ ბევრი უსამართლო ნაბიჯი ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებით, გამორიცხვით ალბათ არაფერი არ უნდა გამორიცხო, თუმცა ძალიან რთულია დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იპოვო ის კონსენსუსი, რაც სჭირდება ამ საკითხის გატანას“.




