საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 2026 წლის 6 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკების გამო, ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად, ხელკეტების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.