]საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე აბედათის ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციას გეგმავს.
სამუშაოები ძეგლის ავთენტურობისა და ისტორიული იერსახის მაქსიმალური შენარჩუნების პრინციპზე დაყრდნობით განხორციელდება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თამარ ყურაშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი ნაჭყებიასა და აბედათის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის წინამძღვარ მღვდელმონაზონ სტეფანე არზიანთან ერთად, აბედათის ციხის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. შეხვედრაზე რეაბილიტაციის პროექტის მომზადების ტექნიკური საკითხები განიხილეს.
რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე განხორციელდება ყველაზე მეტად დაზიანებული მონაკვეთების - სამხრეთ-დასავლეთის გალავნის, ჩრდილო-დასავლეთის კოშკისა და მათ მიმდებარე არქიტექტურული ნაშთების კონსერვაცია-რეაბილიტაცია. სამუშაოები მოიცავს დაზიანებული ქვის წყობის გამაგრებას, გამონგრეული მონაკვეთების აღდგენას, ბზარების ინექტირებას, საკონსერვაციო ფენის მოწყობას, ისტორიული მარნის კონსერვაციას, ქვევრების დაცვას, ცალკეული არქიტექტურული ელემენტების რესტავრაციასა და ძეგლის სრულ გაწმენდას მცენარეული საფარისგან.
აბედათის ციხე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს.
ციხე IV-VI საუკუნეებში აიგო, როდესაც ის ეგრისის სამეფოს დედაქალაქის თავდაცვითი სისტემის ნაწილი გახდა, თუმცა მის შიდა ციხეში ცხოვრების კვალი ძვ. წ. IV ს-დან დასტურდება. სამშენებლო ფენები და არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ციხე XVIII ს-დე ინარჩუნებდა თავის ფუნქციას. ციხე შედგება ორი გალავნის, მათში ჩართული კოშკების, მარნის, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებისა და ეზოში აგებული XI საუკუნის კარის ეკლესიისგან. - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.