პარაგვაელი სენატორის, სელესტე ამარილიას მიერ საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის, კილიან მბაპეს მისამართით გაჟღერებული რასისტული რეპლიკები სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. პარიზის პროკურატურამ დღეს, ოფიციალურად დაიწყო სასამართლო გამოძიება „საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის მიმართ რასისტული შეურაცხყოფის“ მუხლით.
საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ინტერნეტში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ცენტრი (PNLH), უშუალოდ გამოძიება კი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ოფისს (OCLCH) დაევალა.
ჩადენილი ქმედებისთვის სენატორს საფრანგეთის კანონმდებლობით 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ეკისრება.
პარაგვაის სენატის ოპოზიციონერმა დეპუტატმა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანზე სასტიკი იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთმა პარაგვაი ანგარიშით 1-0 დაამარცხა.
სელესტე ამარილიამ მბაპეს „კოლონიზებული კამერუნელი“ უწოდა, რომელიც „თავს ფრანგად აჩვენებს, არის ბოღმიანი, ახალი გამდიდრებული, ამპარტავანი და უშნო“. სენატორმა შეურაცხმყოფელი რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა და ფეხბურთელს „იდიოტიც“ კი უწოდა.