დღეს გაიმართა "აპელაცია" ჩემი მთელი ქონების კონფისკაციის საკითხზე. საქმე იმაშია, რომ მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1,5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისა.
ესეც თავის დროზე შევიძინე ჩემი ხელფასით, რუსული ემბარგოს შემდეგ, ჩვენი მევენახეებისა და მეღვინეების გამხნევებისთვის და ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"აქ დამყავდა პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, სენატორები, მონაკოს პრინცი, ევროკავშირის ხელმძღვანელები. ამ სახლს და ვენახს აჩვენებდნენ თავისუფალ მედიაში.
დღეს ყველაფერ ამას დაუსვეს წერტილი. ალბათ ამ პატარა ვენახს ვინმე ბობოლა ქოცი მიიერთებს და სახლს აუცილებლად დაანგრევს, როგორც მისი გამოყენებისთვის გამოუსადეგარ, ცუდ სიმბოლოს.
მე ქონებას არასდროს გამოვკიდებივარ. 1993 წელს მუშაობა დავიწყე ნიუ-იორკის ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიაში Patterson Belknap Webb & Tyler, 36-ე სართულზე, მე-8 ავენიუზე მქონდა საკუთარი კაბინეტი, მყავდა მდივანი და მქონდა ძალიან კარგი ხელფასი, ყველაფერი ისე იყო, როგორც ფილმებში აღწერენ. მივატოვე ყველაფერი და ჩამოვედი ბნელ, ცივ საქართველოში. ამიტომ ქონება არასდროს დამიგროვებია და ესეც შეუძლიათ წაიღონ." - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში".
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში 8 მილიონზე მეტი ლარის გადახდას ავალებდა.
გადაწყვეტილება, სააპელაციოში დაცვის მხარემ გაასაჩივრა.
2025 წლის 29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა და “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას ბიუჯეტში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა.
2025 წლის 12 მარტს, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კორუფციული დანაშაულისთვის მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით
მოგვიანებით, თემურ ჯანაშიამ განაცხადა: "ჩემი და პრეზიდენტ სააკაშვილის უდანაშაულობა დამტკიცდება"




