ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ევროპის პედიატრთა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა.

საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ნერვ-კუნთოვანი დაავადებები და მათი მართვის საერთაშორისო პრაქტიკა იყო. აქცენტი გაკეთდა ევროპის ქვეყნებში არსებულ სერვისებზე. საუბარი შეეხო როგორც დიაგნოსტიკის, ისე თერაპიებთან დაკავშირებულ მიდგომებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკითხი კომპლექსურია, მიდგომები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, ხოლო მიმდინარე პროცესები ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ევროპის პედიატრთა საბჭოს (EBP) პრეზიდენტი ან დე გუხტენაერე, ბრიუსელში სენტ-ლუკის საუნივერსიტეტო კლინიკების უფროსი პედიატრი/ნევროლოგი რობერტო სანტალუჩია,  ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტი ადამოს ჰაჯიპანაიისი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.