მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, კრიზისების სერიის შემდეგ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა სტაბილიზაციას განიცდის, თუმცა ადრეული 2000-იანი წლების დონეს ჩამორჩება. 

 მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, კრიზისების სერიის შემდეგ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა სტაბილიზაციას განიცდის, თუმცა ადრეული 2000-იანი წლების დონეს ჩამორჩება.

მოსალოდნელია, რომ რეგიონული ზრდა 2023 წელს არსებული 3.5%-დან მიმდინარე წელს 3.3%-მდე,   ხოლო 2025 წელს კი 2.6%-მდე შენელდება. აღნიშნული მნიშვნელოვნად დაბალია 2000-2009 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელზე, რომელიც 5.1%-ს შეადგენდა, და ასევე ნაკლებია იმ მაჩვენებელზე, რომელიც საჭიროა რეგიონის საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ერთი ან ორი თაობის შემდეგ მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მისაღწევად. შედარებით დაბალი ინფლაცია წელს ზოგიერთ ცენტრალურ ბანკს  პოლიტიკის განაკვეთების შემცირების დაწყებისკენ უბიძგებს. თუმცა, ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით სიფრთხილე ჭარბობს, ფასების შენარჩუნებული წნეხის მიმართ არსებული საფრთხეების ფონზე.

ანგარიში მიუთითებს რეგიონის მასშტაბით განათლების ძირეული რეფორმის აუცილებლობას, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მიმართულებით, ეკონომიკური ზრდის გასაძლიერებლად საჭირო ახალი ტალანტების აღმოსაჩენად და მაღალშემოსავლიან ქვეყნებთან დაახლოების ხელშესაწყობად.

“ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნები კარგად გაუმკლავდნენ ბოლოდროინდელ შოკებს, როგორიცაა  მაღალი ინფლაცია, უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული შედეგები და რეგიონის ძირითადი საექსპორტო ბაზრის, ევროკავშირის სუსტი ზრდა. გრძელვადიან პერიოდში პროდუქტიულობის ასამაღლებლად რეგიონის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლების ხარისხის არსებითი გაუმჯობესება, რაც ადამიანური კაპიტალის და შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერების ძირითადი ფაქტორია” - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში  ანტონელა ბასანიმ.

ამჟამად, ეკონომიკური ზრდა ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში გამყარებულია კერძო სამომხმარებლო ხარჯებით, რაც მზარდი ხელფასების, შინამეურნეობებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ტრანსფერებისა და კლებადი ინფლაციის შედეგია. ასევე ფულადი გზავნილები პანდემიამდელ დონეზეა და განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

რეგიონის ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი ნათელი წერტილია ტურიზმი. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თურქეთში ტურისტების რაოდენობა თითქმის 30%-ით აღემატებოდა 2018 და 2019 წლების იმავე პერიოდის მაჩვენებლებს. თუმცა, საქონლის ექსპორტის აღდგენა შენელდა ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის ტემპის კლების გამო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული არსებითი ზიანი და ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბური წყვეტილობა ეკონომიკურ ზრდას გასულ წელს არსებული 5.3%-დან წელს სავარაუდოდ 3.2%-მდე,  ხოლო 2025 წელს კი 2%-მდე შეამცირებს. რუსეთში მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და საწარმოო სიმძლავრეებთან და შრომით რესურსებთან დაკავშირებული სულ უფრო მკაცრი შეზღუდვები ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს 2023 წელს არსებული 3.6%-დან  სავარაუდოდ 3.2%-მდე (2024), ხოლო 2025 წელს 1.6%-მდე.

რუსეთის შემდეგ რეგიონის მეორე უდიდეს ქვეყანაში თურქეთში ეკონომიკური ზრდა პროგნოზის მიხედვით 2023 წელს არსებული 5.1%-დან წელს 3.2%-მდე შენელდება, სამომხმარებლო ხარჯებით განპირობებული გაფართოების და ფულად-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკების ნორმალიზაციით გამოწვეული  ეკონომიკის მიმდინარე რებალანსირების გამო. ინვესტიციების ზრდა ასევე მკვეთრად შენელდა სახელმწიფო ინვესტიციების შემცირების, მაღალი საკრედიტო ხარჯებისა და სამშენებლო საქმიანობის შემდგომი  შესუსტების შედეგად.

განათლებაში ინვესტიცია ადამიანური კაპიტალის გასაძლიერებლად და ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად

ადამიანური ტალანტისა და ეკონომიკურ ზრდაში მისი კრიტიკული როლისადმი მიძღვნილ სპეციალურ ანალიზში ანგარიში მიუთითებს, რომ განათლების ხარისხი უარესდება მეტად კრიტიკულ დროს, როცა რეგიონის არაერთი ქვეყანა  უკვე დგას არსებითი გამოწვევების წინაშე დემოგრაფიული და ადამიანური კაპიტალის მიმართულებით. ბევრ ქვეყანაში მოსახლეობა სწრაფად ბერდება და შრომით რესურსებში მონაწილეობა, განსაკუთრებით ქალთა ჩართულობა, რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში დაბალია.

„გრძელვადიანი ზრდის ხელშესაწყობად რეგიონში ყველაზე დიდი შესაძლებლობები განათლების, კერძოდ კი უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდას უკავშირდება. განათლების ხარისხის პრიორიტეტულობის განსაზღვრა და სიცოცხლის განმავლობაში მუდმივი სწავლების მხარდაჭერა ქვეყნებს დაეხმარება მათი ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაში, ტალანტების არარაციონალური გამოყენებისა და დანაკარგების შემცირებაში, ინოვაციების სტიმულირებაში და მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მიღწევაში“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.

ანგარიში მიუთითებს, რომ რეგიონის მასშტაბით განათლების ყველა საფეხურზე ჩარიცხვების მაჩვენებელი მაღალია. პრობლემა მდგომარეობს განათლების ხარისხში, რომელიც უკანასკნელ წლებში გაუარესდა. მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამის (PISA) ფარგლებში ჩატარებული ტესტირების ქულები 15 წლის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში. საბაზისო (დაწყებითი და საშუალო) განათლების ხარისხის თვალსაზრისით არსებული ჩამორჩენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მოსწავლეებში, რომლებიც არაუზრუნველყოფილ ოჯახებს მიეკუთვნებიან.

უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები კიდევ უფრო დიდია, ვიდრე საბაზისო დონეზე. სხვა რეგიონების იმ ქვეყნებს, სადაც მსგავსი საბაზისო განათლების ან შემოსავლების დონეა, უკეთესი უნივერსიტეტები აქვთ. მაგალითად, ჩვენი რეგიონის მხოლოდ ცხრა საგანმანათლებლო დაწესებულება შედის მსოფლიოს  წამყვანი 500 უნივერისტეტის რეიტინგში.

უმაღლესი განათლების სისტემების სისუსტე უკავშირდება მოძველებულ სასწავლო პროგრამებს, ტექნიკურ აღჭურვილობასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების არარსებობას, არასათანადო მართვას და კავშირის არქონას განათლებასა და შრომის ბაზარს შორის. ამ გამოწვევებზე რეაგირება მოითხოვს ძალისხმევას კურიკულუმის რეფორმის დასაჩქარებლად, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით; უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას; და უფრო მეტი და უკეთესად მომზადებული მასწავლებლის ჩართვას ადამიანური კაპიტალის განვითარების გაძლიერებაში.