გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვვები დაფიქსირდა სოფლების - წიფრანის, გალავანისა და თეთრახევას მიმდებარედ.

სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების - არაგვის, თეზამისა და ქუსნოს კალაპოტებიდან, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში დაახლოებით 130 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.  

თიანეთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარის კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ.