პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს ლაშა მაღრაძეს მოუსმინეს. შეხვედრაზე ჯგუფის წევრები სამსახურის მიერ 2025 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესრულების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.
ლაშა მაღრაძემ ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ყურადღება უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური ბაზის გადაიარაღებას, ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, შიდა სტრუქტურულ რეფორმებს და უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის აკადემიად გარდაქმნის საკითხებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმის შედეგად, უწყების შემადგენლობაში დაზვერვის სამსახური გაერთიანდა. ამ გაერთიანებით მძლავრი ანალიტიკური ცენტრი შეიქმნა, რომელიც როგორც ღია, ასევე ფარულ ინფორმაციებს და საფრთხეებს აანალიზებს და შესაბამის რეაგირებას ახდენს. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ყველა რესურსი აქვს, რათა საინფორმაციო-ტექნოლოგიური გამოწვევების დასაძლევად ქმედითი და მოქნილი ქმედებები განახორციელოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კონტრტერორისტულ საქმიანობაზე და ამ მხრივ, სამსახურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.




