გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე, ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მყარი სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების რეგულირების სამუშაო ვერსია განიხილა. ცვლილებების მიზანს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება წარმოადგენს.
"გარემოზე ზრუნვა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი რეგულაციების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და კერძო სექტორის საქმიანობის ეფექტიან რეგულირებას. ერთიანი ძალისხმევით შევიმუშავებთ რეგულირების ისეთ მექანიზმს, რაც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების შემცირებას და მეორე მხრივ, ბიზნესისთვის იქნება აღსრულებადი“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქმიანობის სუბიექტებისთვის ნედლეულის/პროდუქტის ტრანსპორტირების, მსხვრევის, დახარისხების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და დასაწყობების პროცესებში კონკრეტული შემარბილებელი ღონისძიებების დაწესების საჭიროებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთ ძირითად შემარბილებელ ღონისძიებად სამსხვრევი ნედლეულისა და პროდუქტების რეგულარული დატენიანება განიხილება, ასევე მსხვრევის, დახარისხების, შერევისა და გადატვირთვის ოპერაციების შემოზღუდვა ან დახურვა. გარდა ამისა, მიზანშეწონილად მიიჩნევა ახალი ობიექტების საცხოვრებელი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან მოშორებით განთავსება.
აღსანიშნავია, რომ ღორღისა და ქვიშა-ხრეშის წარმოებისთვის ინერტული ნედლეულის გადამუშავება ატმოსფერული ჰაერის მტვრითა და ხმაურით ინტენსიურ დაბინძურებას იწვევს.
ინიციატივა კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციისა და მრავალეტაპიანი კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა, რაც ერთდროულად ითვალისწინებს გარემოს დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვას და ბიზნესის ინტერესების დაცვას. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.




