„გადაწყვეტილება, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაახშოს, დამოუკიდებელი მედიასაშუალება გააჩუმოს და ერთი წლით აუკრძალოს ევროპარლამენტის კედლების შიგნით საქმიანობა სამ ქართულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, თავისუფალი სიტყვა გააჩუმონ. - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, ტელეკომპანია „იმედისთვის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივისთვის“ ერთი წლით აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშორებით განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდის განმავლობაში კარგად ვხედავთ, საით მიექანება ეს კავშირი, ამ შემთხვევაში, ევროპარლამენტი. ამ ინსტიტუციამ არაერთხელ დაგვამახსოვრა თავი უსამართლო რეზოლუციებით, ახლა განსაკუთრებით გამოირჩა ცენზურით, რომლის შესახებაც არაერთხელ უსაუბრია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არაერთი სერიოზული ლიდერი და პოლიტიკოსი საუბრობს, მაგრამ ის, რასაც საქართველოს წინაშე, ქართული დამოუკიდებელი მედიასაშუალების მიმართ კადრულობენ, ყველანაირ სტანდარტს ცდება. მათ შემთხვევაშიც კი ეს ანტირეკორდია. სამწუხაროდ, ევროკავშირის რიგი ინსტიტუციები უფრო და უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირს" - განაცხადა ნინო წილოსანმა.




