საქართველოს პარლამენტი მთავრობის სტრუქტურაში განსახორციელებელ ცვლილებებზე მუშაობს იწყებს. საქართველოს მთავრობის ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი, რომლითაც, მთავრობის სტრუქტურას, ახალი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ემატება პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება, რის შემდეგაც კანონის პროექტი განსახილველად შესაბამის კომიტეტს გადაეცემა.
"მამუკა მდინარაძის გადანაცვლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ სამსახურის გაძლიერებას ემსახურება.
სისტემა, რომელიც მამუკა მდინარაძემ სათანადოდ გამართა და ააწყო, ახლა გელაძის ხელმძღვანელობით გააგრძელებს იმ წარმატებით დაწყებულ ინიციატივებსა და პოლიტიკას, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა.
მამუკა მდინარაძე, რომელმაც ყველა წინა პოზიციაზე მუშაობის დროს თავის ძლიერი მხარეები აჩვენა ამ პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატურაა. რაც მთავარია, პრემიერ-მინისტრი მას ენდობა და განსაკუთრებულ ფუნქციებს ანიჭებს. მამუკა მდინარაძე, არის ძალიან კარგი და ეფექტიანი კომუნიკატორი, როგორც პოლიტიკოსი, ამიტომ მისი დაბრუნება საჯარო სივრცეში იქნება ჩვენი გუნდის გაძლიერება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა განაცხადა.
ცნობისთვის, პარლამენტი საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანო მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებებს მიმდინარე კვირაშივე სამივე მოსმენით დაამტკიცებს. მას შემდეგ, რაც ახალი მინისტრის თანამდებობა მინისტრთა კაბინეტში ოფიციალურად გაჩნდება, ამ პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც პარალელურად ვიცე-პრემიერი იქნება.
მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დეპუტატები დღეს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.




