დავინახე, რომ ჯებირი მოტეხილი იყო, გადავძვერი და რობოკოპებთან მივედი, აქეთ მე ვაჩერებდი, იქით მურთაზი, რომ რამე შეტაკება არ მომხდარიყო, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერმა, ბრალდებულმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

"მინდა მოვყვე, რა ისტორიული დღე იყო 4 ოქტომბერი. პირველად საქართველოს ისტორიაში შეიკრიბა მოქალაქეები მთელი საქართველოდან. იქ წარმოდგენილი ვიყავით, რადგან ვიგრძენით, რომ საშიშროება იყო და ეროვნული კრება ჩავატარეთ. ერთად მივიღეთ დეკლარაცია. საქართველო დაღუპვის გზაზეა და ის გადასარჩენია. სულ ცოტა ხანი დასჭირდება, როცა მეცნიერები, ისტორიკოსები დასხდებიან და აღნიშნავენ ამ დღეს, როგორც გამარჯვების დღეს.

რომ არ მცოდნოდა, ვინ ვარ, ვიფიქრებდი, რომ ტერორისტი ვარ. „ქართულ ოცნებას“ უნდა წარმოადგინოს, რომ აქ ტერორისტები სხედან, მთელი ცხოვრება ბავშვებს, ახალგაზრდებს ვეხმარებოდი. მე მოვუწოდებდი ვინმეს, დანა დაარტყი, მოკალიო? დაიჯერებთ? მთელი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი. კი მომაძახეს, სხვა ქვეყანაშიო, მაგრამ მე ბავშვებს ვეხმარები მთელი ცხოვრებაა.

დავინახე, რომ ჯებირი მოტეხილი იყო, გადავძვერი და „რობოკოპებთან“ მივედი. აქეთ მე ვაჩერებდი, იქით მურთაზი, რომ რამე შეტაკება არ მომხდარიყო. ამას ეძახიან, რომ ჩვენი ვეძახდით ხალხს ძალადობისკენ? ერთხელ მომასხეს სპრეი, მეორედ, მესამედ, მერე ცუდად გავხდი, საავადმყოფოში მომათავსეს. შემოვიდა ეს ახალგაზრდა, პოლიციის უფროსი 7-8 თანმხლები პირით. ჩემში ბინ ლადენი ნახეთ? წნევას მიზომავდნენ, ავტომატებით დამადგნენ, მერე იტყვით, რატომ არ უყვარს პოლიცია ხალხს. ადრე კანონს ემსახურებოდით, ახლა – რეჟიმს. თქვენ თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ დავისაჯო, თუ არა, მაინც მზად ვარ დავისაჯო“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის სინქრონს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა