არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ვიყავით, სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა, არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"უპირველესად, ბოდიში და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში მიდგას. თუმცა, რასაც გვედავებიან, არცერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. მე ვარ კონსტიტუციონალისტი და ძალიან კარგად ვიცი, როდის როგორ ვმოქმედებდი. „ძალაუფლება არის უზურპირებული და აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება“, – ამის იქით არასდროს არც ერთი სიტყვა არ მითქვამს და ახლაც იმავეს ვამბობ.

ჩვენ, გარდა მშვიდობიანი ცვლილებისა, სხვა მიზანი არ გვქონია. მე ვიყავი ამ ხალხთან ერთად და ვმოქმედებდი მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და იმის იქით არაფერი გამიკეთებია. არანაირი თანამდებობისთვის, არანაირი ძალაუფლებისთვის არც ერთი ადამიანი იქ არ ყოფილა გამოსული. სამშობლოს და თავისუფლების სიყვარულმა გამოიყვანა ხალხი და კიდევ გამოვა, თუ ეს უსამართლობა გაგრძელდა. ჩვენი მოტივაცია არ არის ვინმეს განადგურება, მოტივაცია არის, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, ვისაც ეკუთვნის. იმ აქციაზე იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში მოითხოვდნენ ცვლილებას. არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ვიყავით, სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა, არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის სინქრონს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა