„განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს, მადლობას გიხდით აქ ჩამობრძანებისთვის. ეს არის დასტური ჩვენი ეკლესიების სულიერი ერთობის და ქრისტესმიერი სიყვარულის. გვწამს რომ სწორედ ამ ერთობის და სისავსით განმტკიცდება ჩვენი რწმენა და ჩვენი ეკლესიების ერთობა. – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამებაში ქადაგებისას განაცხადა.
დღეს თქვენს წინაშე მდგარი სიმდაბლით და კრძალვით, კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლად მოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის. ერთი მხრივ, გაცნობიერებული მაქვს ამ მოწოდების სიდიადე და ჯვრის სიმძიმე, მეორე მხრივ კი, ვგრძნობ ჩემს ადამიანურ სიმწირესა და უძლურებას, ამიტომ თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მმატებს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენს სულიერ შვილებს, ჩვენს სამღვდელოებას და ბერ-მონაზვნებს ლოცვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის, ამ დღეებში რომ ასე შეგვეწეოდა, გვამხნევებდა, გვმატებდა ძალას და სიმტკიცეს“, – განაცხადა პატრიარქმა.




