პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში კიბოს სკრინინგის, მისი მნიშვნელობისა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ მასშტაბური ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, დაავადებათა ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და პრევენცია ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კიბოს სკრინინგი ათასობით მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისად, სახელმწიფო აგრძელებს პროგრამების გაფართოებასა და ხელმისაწვდომობის ზრდას.

პაციენტთა უსაფრთხოებისა და პრევენციული მედიცინის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულმა დირექტორი ჟოაო ბრედამ. მისი განცხადებით, WHO მომავალშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.

ღონისძიებაზე პატივი მიაგეს პროფესორ რემა ღვამიჩავას ხსოვნას და ისაუბრეს მის განსაკუთრებულ წვლილზე საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და სკრინინგის სისტემის განვითარებაში.

ღონისძიების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოში 2026 წლის კიბოს სკრინინგის შუალედური შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. ცენტრის ხელმძღვანელმა მიმდინარე წელს დაგეგმილი სკრინინგ-აქციების კალენდარიც წარადგინა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მოცვის გაზრდას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზევე საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თინათინ ბერუჩაშვილმა, წარადგინა პრეზენტაცია კვლევის შედეგებზე, რომელმაც საქართველოში კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მიზნობრივი მოსახლეობისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმთა ქცევითი დამოკიდებულება შეისწავლა. სპეციალისტებმა იმსჯელეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებასა და ოჯახის ექიმების როლზე პაციენტთა დროული ინფორმირების პროცესში.

ამასთან, პაციენტთა უსაფრთხოების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია წარადგინა ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ ირმა ხონელიძემ. პრეზენტაცია არაგადამდებ დაავადებათა პრევენციას, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და პაციენტთა უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ეხებოდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია, თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე კომიტეტის წევრებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, პროფესორ რემა ღვამიჩავას ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.