სიძულვილის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი, ამ ყველაფერს აკეთებდნენ გარედან, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა, რასაც უნდა შევებრძოლოთ, შესაბამისად, ჩვენ არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია პირდაპირ იყო უხეშად ჩართული საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში.


„მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ზოგადად სიძულვილის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი. ამ ყველაფერს აკეთებდნენ გარედან, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ამ მასშტაბის სიძულვილი და აგრესია, რასაც უნდა შევებრძოლოთ. 
ასევე მინდა, ბატონ ჯო უილსონს შევახსენო ის, რომ ამერიკული წინა ადმინისტრაცია პიდაპირ იყო უხეშად ჩართული საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში. მათ შორის, წინა ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის საელჩო და პირადად ელჩი იყო ჩართული საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავუპირისპირდებით, შესაბამისად, ჩვენ არ გვაინტერესებს რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას.

ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას არ სჭირდება სიძულვილი, სჭირდება პირიქით, ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ დავამარცხოთ სიძულვილი ჩვენს ქვეყანაში. სიძულვილი არის, რა თქმა უნდა, განვითარების შემაფერხებელი მოვლენა, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის,“- აღნიშნა პრემიერმა.