ჩვენი ამბიციური მიზანია, 2028 წლისთვის მივაღწიოთ 8 000 მგვტ მაჩვენებელს, ხოლო 2030 წლისთვის მივაღწიოთ 10 000 მგვტ-ს, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიზნის მისაღწევად საჭიროა სწორი პოლიტიკა და მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორიც არის „ხუდონის“, „ნენსკრას“, „ნამახვანის“ პროექტები.

 „ამ მიმართულებით განსაკუთრებული გამოწვევა იყო ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური საბოტაჟი. ამ ეკონომიკურ საბოტაჟში სხვადასხვა სუბიექტი იყო ჩართული. მათ შორის, უცხოური დაფინანსებითაც კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ აწარმოებდნენ საბოტაჟს ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც საკმაოდ ძვირად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის პირდაპირი გაგებითაც.

ქვეყანას უწევს კონკრეტული პროექტის შემთხვევაში ათეულობით მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურება სწორედ ამ ეკონომიკური საბოტაჟიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მაშინ არ ჰქონდა სახელმწიფოს საკმარისი რესურსი, რომ დაპირისპირებოდა ამგვარ საბოტაჟს, თუმცა დღეს სახელმწიფო არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ნებისმიერი, მათ შორის ასეთი მსხვილი პროექტების შეუფერხებელი განხორციელება და ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან”, - განაცხადა პრემიერმა.