საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო იძლევა შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე იქნას უზრუნველყოფილი.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას. რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველვყოთ“, - განაცხადა პრემიერმა.