თეორიულად შეუძლებელია, 8 საათი იმუშაონ ადამიანებმა ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგანაც.

„მიზანი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო საწარმოებში, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე დავზოგეთ 60 მლნ ლარზე მეტი.  არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგანაც, თეორიულად შეუძლებელია, 8 საათი იმუშაონ ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯების და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური. თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის დეფიციტური პროფესიები და არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. ასეთ პირობებში ჩვენ ფიქტიურად ან ხელოვნურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, უნდა შევთავაზოთ ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება. ეს იქნება სწორი პრინციპი“, - განაცხადა პრემიერმა.