საქართველოს მიდგომა ასეთია, ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შესავალ სიტყვაში შეეხეთ მრავალმხრივ ორგანიზაციებს. ამ კუთხით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აზრით არაფორმალური გავლენები იკვეთება ოფიციალურ ამ ორგანიზაციებშიც. ჩვენთვის ეს ძალიან თვალსაჩინოა. ამის შედეგი საკმაოდ ნეგატიურია: კონკრეტული მრავალმხრივი ორგანიზაციები სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან. ამის „კარგი“ მაგალითია საქართველო. ამ მიმართულებით - ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ნაწილში - გარკვეული გამოწვევების წინაშე ვართ ზოგიერთი მრავალეროვნული ორგანიზაციის მხრიდან. ეს იმ საკითხებს მიეკუთვნება, რაც უნდა შეიცვალოს. 

 ყველას კარგად გვახსოვს ისეთი ფრაზები, როგორიცაა „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“, „ფასეულობებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“. სამწუხაროდ, ეს უკვე ჩაბარდა წარსულს. ამაზე ბევრი პოლიტიკოსი საუბრობს. ნამდვილად მნიშვნელოვანია მრავალეროვნული ორგანიზაციების გაძლიერება. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა მოხდეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დასაბრუნებლად. ეს ძალიან რთული ამოცანაა და ამისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.