ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, საიას სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით. ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა „ბი-ბი-სი“-მ, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი რეპუტაციით.  საერთოდ არ აინტერესებთ, არც რეპუტაცია და არც არაფერი, მზად არიან, ნებისმიერი უხეში სიცრუე და ტყუილი გაავრცელონ „ბი-ბი-სი“-ს ეთერით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ამასთან დაკავშირებით. ის, რომ საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ინფორმაცია ნივთიერების შესახებ, ეს არის ტყუილი. იმიტომ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ბრიფინგი და დეტალურად გააცნო ეს ინფორმაცია საზოგადოებას. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ არც ერთი საერთაშორისო დონეზე აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული შეკრების დაშლის დროს. ცრემლმდენი საშუალების გამოყენება, ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში. ყველაფერი დანარჩენი არის „ბი-ბი-სის“ და სხვისი ტყუილები“, - განაცხადა პრემიერმა.