თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნდობაში შევიდა დაზარალებულთან და იმ მოტივით, რომ თითქოსდა ოქროს ნივთებს დაბალ ფასში მიაწვდიდა, ეტაპობრივად გამოართვა და დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 105 000 ლარს.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.




