საქართველოს პროკურატურამ ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ შორის ერთ-ერთმა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილმა, ადვოკატის საქმიანობასთან დაკავშირებით, ზემოქმედების მოხდენის მიზნით, განიზრახეს მუქარა განეხორციელებინათ ადვოკატის მიმართ. ერთ-ერთი ბრალდებული ადვოკატს შეხვდა, მიაწოდა მობილური ტელეფონი და მოსთხოვა  ძებნილ ბრალდებულს გასაუბრებოდა,  რომელიც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე -5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად)  წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების  სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.