საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1470.25 გრ. ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“ და 147.49 გრ. ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“, რომელსაც სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 261 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.




